Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all 131 articles
Browse latest View live

ბოჭორმის წმინდა გიორგი

$
0
0

ბოჭორმის წმინდა გიორგი ძველად მშვენიერ ვაჟკაცზე იტყოდნენ ხოლმე, – ბოჭორმის წმინდა გიორგის ჰგავსო. მართლაც მშვენიერია და დიდებული ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატი.

1800 წელს მეფე გიორგი XII ტფილისელ გაბრიელ ოქრომჭედელს თელავში ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატის პერანგს აახლებინებდა. ეს ხატი თელავში, წმინდა ქეთევან დედოფლის ეკლესიაში, ესვენა და მისი მეოხებით სნეულნი და ეშმაკეულნი იკურნებოდნენ. მკერდზე ვერცხლი აჰყარეს და გამოჩნდა წმინდა მთავარმოწამე გიორგის მკლავი. არავინ იცოდა, რომ იგი ხატში ესვენა. როცა ხატის გაახლება დაასრულეს და წმინდა ნაწილი ისევ ხატში, ძველ ადგილას ჩააბრძანეს, “ჟამსა ამასვე მოეფინა მშვიდობა საქართველოსა ზედა”.

ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესია მდინარე ივრის მარცხენა ნაპირას, მაღალ მთაზე მდებარე ბოჭორმის ციხის შიდა ეზოში დგას. ეკლესია თარიღდება X საუკუნით.


ბეთლემის ღვთისმშობელი

$
0
0

ბეთლემის ღვთისმშობელი ბეთლემში, ქრისტეშობის ბაზილიკაში, დაბრძანებულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქედი ხატი, რომელიც რუსეთის საიმპერატორო სახლს შეუწირავს მე-19 საუკუნეში.

ხატი “ოდიგიტრიას” ტიპისაა, მასზე უფლის დედა მოწყალედ იღიმება. უკვე ჩვენს დროში ბეთლემის ხატი მრავალი სასწაულით განდიდდა. მას არა მხოლოდ პალესტინელი ქრისტიანები მიაგებენ დიდ პატივს, არამედ მუსლიმანებიც და მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ქრისტიანები.

არსებული ტრადიციით, ამ ხატის წინაშე, რომელიც მღვიმის შესასვლელშია დასვენებული, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შვა ქრისტე მაცხოვარი, შვილების მონიჭებისა და ოჯახური კეთილდღეობისთვის ევედრებიან.

წმინდა ხატის, ბეთლემის ღვთისმშობლის ხსენება 15 (28) აგვისტოსაა.

ჯიხეთის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი

$
0
0

მეოცე საუკუნის დამდეგს ყოვლადწმისა ღმრთისმშობელმა თავისი ივერიის ხატის ასლი მიჰმადლა გურიის მხარესაც. ათონის მთაზე მოღვაწე ქართველმა მამამ, იოანე ღმრთისმეტყველის სავანის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა იონამ, ათონელ ბერებს გურიის ჯიხეთის დედათა მონასტრისათვის დააწერინა ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ასლი და უსახსოვრა დედათა სავანეს. ეს იყო ჟამი, როდესაც გურიაში მძიმე დღე უდგა ეკლესია-მონასტრებს – ხატებს ანადგურებდნენ, მონასტრებს არბევდნენ, სამღვდელო პირებს შეურაცხყოფდნენ. ასეთ დროს მიღებული დიდი სიწმინდე სულიერად აღადგენდა ერსა და ბერს და განამხნევებდა უფლისადმი ერთგულებაში. ჯიხეთის ივერიის ხატი შემკულია მამა იონას დაკვეთით შესრულებული წარწერით: „განგებითა ღმრთისათა, და წამისყოფითა დედისა ღმრთისათა, მე მონა მისი მღვდელმონაზონი იონამ, ამჟამად მყოფი ათონის მთაწმიდის ქართველთა წმიდა იოანე მახარებლის სავანის გამგემან, დავახატვინე წმიდა ხატი ესე სახელწოდებით სასწაულმოქმედი დედა ღმრთისას ივერიის და შევსწირე გურიის ჯიხეთის დედათა სავანესა. დედაო ღვთისაო მარიამ, მომიხსენე მე ცოდვილი, ოდეს მოვიდეს ძე შენი დიდებითა მისითა ჩემის მშობლებით, სულიერი და ხორციელი ძმებითურთ. ამინ. 1905 წელსა 1 აგვისტოსა“.

„ივერიის ღმრთისმშობლის ხატი“, თბილისი, 1999 წ.

ზატიკი –საეკლესიო ტერმინთა განმარტება

$
0
0

საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონში ზატიკი ასე არის განმარტებული – 1) მსხვერპლი, „ვნება“ იესოსი, დღესასწაული პურისა, – ზატიკად ჩვენდა დაიკლა ქრისტე“ (1 კორინთ. 5, 7);

2) საეკლესიო წიგნი, რომელშიც მოთავსებულია აღდგომიდან სულთმოფენობამდე და ყოველთა წმინდანთა კვირამდე წარმოსათქმელი ლოცვები და საგალობლები;

3) პასექის დღესასწაული, იგივე ერგასი, ზატიკში იგულისხმება პერიოდი აღდგომიდან ყოველთა წმინდანთა კვირამდე. ამ პერიოდში უდიდესი საუფლო დღესასწაულებია: მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა, ამაღლება და სულთმოფენობა, რის გამოც ამ პერიოდს საეკლესიო მსახურება განსაკუთრებული საზეიმო ხასიათით და ლიტურგიკული თავისებურებებით გამოირჩევა. იცვლება სხვადასხვა ლოცვები და მათი კითხვის წესები.

ვარძიის ღვთისმშობელი

$
0
0

მონასტერში დაცული იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი.

ბასიანის ბრძოლის წინ წმინდა მეფე თამარი ვარძიის ღვთისმშობელს ავედრებდა თავის ქვეყანას და მუხლმოდრეკილი ევედრებოდა ქართველთა გამარჯვებას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით, ამ ომში ქართველებმა გაანადგურეს მაჰმადიანთა 400000-იანი არმია. მემატიანის ცნობით, ამ ხატს გამარჯვებულს უწოდებენ.

ერთხანს აქ მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი სასულიერო მწერალი, წმინდა იოანე შავთელი, რომელმაც შექმნა “გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი”. შემორჩენილია ვარძიაში გადაწერილი ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი (XIIს.).

დმანისის სიონის ღვთისმშობლის ხატი

$
0
0

“ქართლის ცხოვრების” მიხედვით, დმანისის სიონის ღვთისმშობლის ხატს განუკურნავს უფლისწული გიორგი – დავით ულუს პირმშო.

“ამად მწუხარებასა და უღონოებასა რა მოეცვა მეფე და ყოველნი მკვიდრნი საქართველოსანი, მოეხსენა მეფესა, დმანისისა ღმრთისმშობელი და წარვიდა წინაშე მისსა წარმოაჩინა ვითარ ყოველი უხმარითა ფერხითა მოჰყვებოდეს და მოეგებოდეს, მხურვალითა ცრემლითა წყალობად მათდა აღძრვიდეს.
მაშინ მოისმინა ვედრება მათი წმიდათა უწმიდესისა ღმრთისმშობელმან, და მყის შეხებასავე თანა, და პირსა ზედა შეხებასა, თვალი აახუნა სწრაფლ და ვითარცა უვნებელი წარმოჯდა”, – ვკითხულობთ “ქართლის ცხოვრებაში”.

ჰავაის ღვთისმშობლის ხატი

$
0
0

2006 წლის ოქტომბერში, ჰავაის კუნძულებზე მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახში ვარდის საოცარი სურნელება იგრძნეს. ოჯახის უფროსს, ნექტარიოს იანქსონს, თავიდან ეგონა, რომ ოჯახის რომელიმე წევრის მოტანილი რაიმე ნივთი გამოსცემდა ამ სურნელს,მაგრამ ეს მოსაზრება ყველამ უარყო. მაშინ დაიწყეს ძებნა, მიყვნენ სურნელებას და წიგნის თაროზე, სულ მაღლა, აღმოაჩინეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ფოტოასლი, რომელსაც იქაურობა მირონით დაესველებინა. შეძრწუნებულმა ნექტარიოსმა ძვირფასი აღმოჩენა მართლმადიდებლურ ტაძარში წააბრძანა და მამა ანატოლის გადასცა. მოძღვარმა პარაკლისი გადაიხადა, რომლის დროსაც კიდევ უფრო გაძლიერდა მირონდენა. და მამა ანტონმა იქ მყოფთ უთხრა: ეს მირონმდინარე ღვთისმშობლის ხატი შეცვლის ჩვენს ცხოვრებას!

ნექტარიოსმა და მისმა ოჯახის წევრებმა, რომელთაც შიში და კრძალვა მორეოდათ, გადაწყვიტეს, ეს ხატი ეკლესიისათვის მიენდოთ და იგი სან-ფრანცისკოს საეპისკოპოსო ტაძარში მთავარეპისკოპოსს დაუტოვეს. მაგრამ 6 თვის შემდეგ მისგან შემდეგი შინაარსის შეტყობინება მიიღეს: წმინდა სინოდის განჩინებით, ხატი მათთან უნდა დაბრუნებულიყო, ნექტარიოსი მისი მცველი უნდა გამხდარიყო და ხატს მთელი მსოფლიო უნდა მოევლო.

ასეც მოხდა: ხატმა მოიარა უამრავი ქვეყანა, მათ შორის, ჩრდილოეთ ამერიკა, რუმინეთი, საბერძნეთი, რუსეთი.. საქართველოში.. ათონზეც ბრძანდებოდა. . . ერთხელ სრულიად გამართული მანქანა ვერაფრით დაძრეს ადგილიდან. აქ სადმე, ალბათ, სამლოცველოა და იქ უნდა მისვლაო, მიხვდა ხატის თანმხლები. გაიკითხეს და აღმოჩნდა, რომ მართლაც, რამდენიმე კილომეტრში დედათა მონასტერი იყო. ხატით იქაურობა მოილოცეს, უკან დაბრუნდნენ, მანქანაში ჩასხდნენ და დაუბრკოლებლად გააგრძელეს გზა.

ჰავაის ღვთისმშობლის ხატმა აუამრავი სასწაული აღასრულა: ბრმებს თვალისჩინი დაუბრუნა, მრავალი სნეული განკურნა, მათ შორის, სიმსივნით დაავადებულნიც. . . მაგრამ ნექტარიოსის თქმით, ყველაზე დიდი სასწაული ისაა, რომ მასთან მიახლოებისას ადამიანში სულიერი ფერისცვალება ხდება და მას უჩნდება სურვილი, უფრო ახლოს მივიდეს ღმერთთან.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი “მსწრაფლშემსმენელი”

$
0
0

22 ნოემბერი – დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „მსწრაფლშემსმენელი“.

მსწრაფლშემსმენელი ღვთისმშობელიბოლო წლებში ამ ხატის მიმართ განსაკუთრებით დიდი სასოება გაჩნდა სრულიად საქართველოში. სახელწოდება ხატისა “მსწრაფლშემსმენელი” თავისთავად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და ამ ხატის მიმართ ლოცვისათვის განაწყობს იმ პიროვნებასა თუ ერს, რომელსაც განსაცდელი აქვს მოვლენილი, წინააღმდეგობების დაძლევა კი სწრაფად ესაჭიროება.

ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენლის ეს სასწაულთმოქმედი ხატი ათონის დოქიარის მონასტერში იმყოფება. ის, საძმოს სატრაპეზოს კედელზე, კართანაა მოთავსებული. აქ ბერები ტრაპეზის დროს გაივლიან ხოლმე, ხოლო ტრაპეზარს ყველაზე ხშირად უწევს გავლა.

თავისი სასწაულთმოქმედი ძალა ამ ხატმა პირველად 1664 წელს გამოავლინა, როდესაც ჩვეულებისამებრ, ტრაპეზარმა ნილოსმა ანთებული კვარით ჩაუარა ხატს და ხმა შემოესმა “აქ ნუღარ გაივლი ანთებული კვარით და ნუ ჭვარტლავ ჩემ სახეს”. ნილოსმა ჩათვალა რომ ეს ძმების მიერ მოწყობილი ხუმრობა იყო, ყურადღება არ მიუქცევია და ძველებურად გაივლიდა ხოლმე ხატის წინ ანთებული კვარით. გავიდა ხანი და ნილოსმა კვლავ გაიგონა ხმა: “ბერო! უღირსო! კიდევ დიდხანს აპირებ ესე უდარდელად და უდიერად მიხრჩოლო?” და ამ სიტყვებზე ტრაპეზარს თვალთ დაუბნელდა და სინათლე დაკარგა. მაშინ გაახსენდა ადრე ნათქვამი სიტყვებიც და იგრძნო თავისი ცოდვის სიმძიმე. მიხვდა, ღირსი იყო სასჯელისა ღვთისმშობლის ნათქვამის უგულებელყოფის და დაუდევრობის გამო. ნილოსს დაბრმავების შემდეგ თვალის ტკივილები სტანჯავდა და დღედაღამ წმიდა ხატის წინაშე ლოცულობდა და მოთქვამდა. ერთხელ მას ხმა მოესმა : “ნილოს, შესმენილია შენი ლოცვა, გეპატია ცოდვა და მხედველობაც დაგიბრუნდება. როდესაც ამ წყალობას მიიღებ, აცნობე ძმებს, რომ მე ვარ მათი მფარველი და მცველი სავანისა. დაე, ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ილოცოს ჩემი ხატის წინაშე გაჭირვების ჟამს და მე არავის მივატოვებ, ყველასთვის ვინც ღვთისმოსაობით მომმართავს, შუამდგომელი ვიქნები და ძე და ღმერთი ჩემი, ჩემივე მეოხებით შეისმენს მათ ლოცვას, ასე რომ დღეიდან ჩემს ხატს “მსწრაფლშემსმენელი” ეწოდება რამეთუ ყოველთა მვედრებელთა მოუვლენ წყალობას და მათ თხოვნას შევისმენ”.

ამ სასწაულებრივი ამბის შესახებ მთელმა ათონის მთამ შეიტყო. ამის შემდეგ ბერებმა ადგილს, სადაც წმიდა ხატი იმყოფებოდა, გალავანი შემოავლეს და მისგან მარჯვნივ მსწრაფლშემსმენლის სახელობის ტაძარი ააგეს.

მას შემდეგ “მსწრაფლშემსმენელის” ხატის მადლით მრავალი სნეული და გასაჭირში მყოფი განკურნებულა და გადარჩენილა.

ხატი ეხმარება ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვინც მას მიმართავს რწმენით, მოწიწებითა და შემუსრვილი გულით.

1873 წ. მოსკოვში რუსმა ქველმოქმედებმა მას ვერცხლის პერანგი გაუკეთეს. ამ ხატის დღესასწაული იზეიმება 9 ნოემბერს (ა.ხ სტილით 22 ნოემბერს).

1877 წლიდან ამ ხატის ასლი იმყოფება მოსკოვში, წმიდა პანტელეიმონის ტაძარში.

2005 წლის 12 მაისს, ათონის წმიდა მთიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის “მსწრაფლშემსმენელის” ასლი საქართველოში ჩამობრძანეს. რომელიც დოქიარის მონასტრის ბერებმა დაწერეს.

აეროპორტში ხატს დახვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სასულიერო პირები და მრევლი. ხატი ფეხით წამოაბრძანეს საქართველოს საპატრიარქოში, სადაც იგი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა აკურთხა. ამის შემდეგ “მსწრაფლშემსმენელის” ხატი ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში დააბრძანეს, სადაც მრავალრიცხოვანი მრევლის წინაშე პარაკლისი, სამღვდელოებასთან ერთად, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II აღავლინა.

ეს ხატი დღესაც სამების საკათედრო თაძარშია დაბრძანებული და ყოველდღიურად უამრავი მომლოცველი სტუმრობს.


აგიოსორიტისა –კონსტანტინეპოლის ღვთისმშობელი მვედრებელი

$
0
0

აგიოსორიტისა (ბერძ. ἡ ῾Αϒιοσορήτισσα) ან (ბერძ. დეისუსი) ასევე ბერძ. Параклесис (მვედრებელი) — ხატი იესო ქრისტეს გარეშე, როდესაც ღვთისმშობელს ხელები გაწვდილი აქვს და ევედრება მაცხოვარს.

მოიხსენიება ბიზანტიურ წყაროებში IX-X საუკუნეებიდან და გავრცელება პოვა ბიზანტურ ხელოვნებაში XII-XV საუკუნეებში.

სიონის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი

$
0
0

ზუსტად იმ წელიწადს, როდესაც კეთილმორწმუნე ადამიანებმა ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ეკლესიის აღდგენას მიჰყვეს ხელი, ზეციურმა დედოფალმა თავისი ივერიის ხატის ასლის მოსვლით აკურთხა საქართველოს დედაქალაქი. ივერიის მიწაზე სტუმრად მყოფი ათონელი ბერებისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს თხოვნით მიუმართავს, რათა საქარველოსთვის გადაეღოთ ასლი კარიბჭის ხატიდან. ორიოდ წელიწადში ბერძენმა მამებმა დაასრულეს ასლის შექმნა. ასლის გადაღების შემდეგ, ხატი ორმოცი დღის განმავლობაში მიდებული ჰქონდათ თავადპირველ ხატთან, რათა მისგან მიეღო მადლი და ნიჭი. ხატის კურთხევა შესრულდა ივერიის ღმრთისმშობლის ტაძარში: დედა ხატი აკურთხევდა თავის ასლს და უხილავად გადასცემდა ლოცვა-კურთხევას თავისი წილხვედრი ქვეყნისთვის – საქართველოსთვის.

ივერიის ხატი თბილისში ჩამობრძანდა 1989 წლის 9 ოქტომბერს, წმიდა მოციქულისა და მახარებლის იოანე ღმრთისმეტყველის ხსენების დღეს. ათეულობით ათასი ადამიანი შეხვდა სიწმინდეს და აეროპორტიდან ფეხით მიაცილა იგი სიონის ღმრთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრამდე. ეს იყო მართლმადიდებლობის ნამდვილი დღესასწაული ივერიის მიწაზე.

არც ეს უდიდესი მოვლენა „დატოვა“ სასწაულთმოქმედმა ხატმა სასწაულის გარეშე. ასლის საქართველოში ჩამობრძანებისას ის წყარო, რომელიც ათასი წლის წინათ სასწაულებრივად ამოჩქეფდა წმიდა გაბრიელ ქართველის მიერ ზღვიდან ხატის გამოსვენების ადგილას, თითქმის მთლიანად დაშრა. ათონელი ბერების განმარტებით, ხატმა მთელი მადლი საქართველოში წაიღო და წყაროც ამიტომ დაშრაო…

200 წლის შობის მარხვის მიწურულს კი თბილისის სიონში დაბრძანებულმა ივერიის ღვთისმშობლის ხატმა კვლავ ახალი სასწაულით განამტკიცა სარწმუნოებაში თავისი მორწმუნენი. უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით ივერიის ღმრთისმშობლის ხატის მოოქროვილი პერანგით შემოსვა გადაწყდა. როდესაც ივერიის ღმრთიმშობლის ხატი ანალოღიიდან გადმოაბრძანეს, მინაზე, რომლის მიღმაც ხატი იმყოფებოდა, ღმრთისმშობლის ყრმით გამოსახულება აღმოჩნდა აღბეჭდილი. ანაბეჭდი საკმაოდ მკაფიოდაა გამოსახული. ამჟამად მინაზე გადასული გამოსახულებაც სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.

ზეციური ნიშანი –პავლოვის

$
0
0

ქ. პავლოვსკის ფერისცვალების ტაძარში, ვორონეჟის ეპარქიაში სასწაულთმოქმედი ხატი ღვთისმშობლის ზეციური ნიშანი იმყოფება. 1696 წელს იმპერატორმა პეტრე I-მა ქ. აზოვს ალყა შემოარტყა და დაანგრია ის. ნანგრევებში ორი ხატი იპოვეს: ერთი – იოანე წინასწარმეტყველის და მეორე – ღვთისმშობლის ზეციური ნიშნის, რომელიც პეტრე პირველმა მაშინვე აზოვის ეკლესიაში მოათავსა.

ზეციური ნიშანი - პავლოვის

როდესაც 1711 წელს თურქებმა აზოვი დაიბრუნეს, პეტრე I – ის ბრძანებით ხატი ოსრედსკის ციხე-სიმაგრის ეკლესიაში გადაიტანეს. ამგვარად იწოდებოდა მაშინ ქ. პავლოვსკი. აზოვის ეკლესიის მრევლიც ამავე ტაძარში გადმოვიდა და საეკლესიო ნივთებიც თან წაიღეს.

ეს ხატი 5 გოჯის სიდიდის ზღვის ნიჟარის უკანა მხარეზეა ამოტვიფრული. ნიჟარის მინანქარი დროისგან ჩაყვითლებულია. ღვთისმშობლის გამოსახულება ხაზებითაა შესრულებული. თავდაპირველ ის დიდ ხის კიოტში მოათავსეს, რომლის კიდეებზეც 6 ნაწილად იყო გამოსახული აზოვის ბრძოლის სურათები და თვით ამ ხატის მირქმის ეპიზოდი. კიოტზე, ქვედა მხარეს იყო წარწერა, რომელიც ამოწმებდა ხატის ისტორიას.

XIX ს-ის 20 -იან წლებში ხატი მოოქროვილ, ბრწყინვალე კიოტში ჩასვეს და აღსავლის კარის ზემოთ მოათავსეს. ამ სიწმინდედ მიჩნეულ ხატს ღვთისმსახურების შემდეგ თოკებით ძირს უშვებენ, რათა მორწმუნეები მიემთხვიონ მას. სადღესასწაულო ღამისთევის შემდეგ, როდესაც ღვთისმსახური I ჟამნის განტევებაზე აღსავლის კართან იდგა, ეკლესიის მსახურნი მას ორივე მხრიდან გვერდში ამოუდგებოდნენ და გალობდნენ: ,,ვინ არა მოგეახლოს შენ, შენს მიერ იქმნების სარცხვინელ’’. ამ დროს წმინდა ხატი ნელა ეშვებოდა ძირს ,როცა შარავანდედის ქვედა სხივები იატაკს შეეხებოდა, გალობა ამგვარად თავდებოდა: ,,ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ’’. ღვთისა და ეკლესიის მსახურნი ,მათ კვალდაკვალ კი მრევლი, ხატს ემთხვეოდა.

ზეციური ნიშნის სასწაულთმოქმედ ხატს ოჯახებში დააბრძანებენ და მის წინაშე პარაკლისებს აღასრულებენ. ყოველწლიურად, აღდგომიდან მე-9 პარასკევს ამ ხატთან ერთად ,,ცივი ჭის’’ მიმართულებით – პავლოვსკიდან 6 ვერსის დაშორებით – ლიტანია აღესრულება. ამ ჭასთან ღვთისმშობლის სავედრებელი ლოცვა აღევლინა, ხოლო შემდეგ პეტრე I -ის პანაშვიდი, რადგან სწორედ მან დააარსა ქ. პავლოვსკი და წმინდა ხატიც ეკლესიას მანვე შესწირა.

წყარო: „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“, თბილისი, 2001 წ.

ბოდბის ივერიის ღვთისმშობლის ხატი

$
0
0

ბოდბის წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ერთ-ერთ სიწმიდეს წარმოადგენს ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი.

ხატს კომუნისტების დროს საავადმყოფოდ გადაკეთებულ მონასტერში რენტგენის კაბინეტში მაგიდად იყენებდნენ.

ღვთისმშობელი ერთ ექიმ ქალს გამოეცხადა და ხატის თავის ადგილზე გადასვენება უბრძანა. ერთხელ ერთმა ურწმუნო ადამიანმა ამ ხატის შეურაცხყოფა სცადა და დანით დაუსერა სახე, რისთვისაც მკაცრად დაისაჯა და სრულიად ჯანმრთელი მოულოდნელად გარდაიცვალა.

სამთავროს დედათა მონასტრის ივერიის ღმრთისმშობლის ხატი

$
0
0

ხატის ისტორიას მოგვითხრობს მასზე არსებული წარწერა:

“განგებითა სამ მნათობიერისა ღვთისა და წამისყოფითა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისათა, მე უნდომან მონამან მისმან, მონაზონმა ილია, ივერიის მონასტრის ძმათაგანმა, შენდობითა სულიერისა მამისა ჩემისა, სქიმონაზონი მაკარისა, დავახატვინე წმიდა ხატი ესე სახელწოდებით სასწაულმოქმედი დედა ღვთისა ივერიის კარისა და შევწირე მცხეთის “სამთავროს” ფერისცვალების დედათა მონასტერს, ვითარცა მფარველად მიურულებლად, სარწმუნოებითა და შიშითა ღვთისათა მკვიდრთა მას შინა, ვასრულებ ჩემი წრფელი გულით დაპირებულსა, სულიერის ძმისა პავლე ჯაფარიძისა, რომელმან მაიძულა ამის სრულყოფად. ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო მწე და მფარველ გვეყავნ, ამინ! ათონის მთა. წმიდა ივერიის ქართველთა მონასტერი. 1919 წ.

პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი

$
0
0

პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი – ქართული ხატი, რომელზედაც მარიამ ღვთისმშობელი წარმოდგენილია ყრმით. ხატი ფერწერისაა და შეჭედილია ვერცხლით. იგი შემკულია 123 თვალით და მარგალიტით, აქვს ორი წყვილი ოქროს საყურე. აკადემიკოსი გიორგი ჩუბინაშვილი მას XVI საუკუნით ათარიღებს.

ხატის ქვედა არშიაზე მედალიონებს შორის შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, რომელიც ქარაგმების გახსნის შემდეგ ასე იკითხება: „ქ. შენ ღრუბელსა მსგავს ნათლისასა ქუეყანათა ზედა მაერთესა, ტომებით… ლსა ადამისა დედასა ღმრთისასა, ძუელ ოდესმე მოსესგან მაყოლდ (სიც) მეორედ ხილულსა და შეუწველად დაცულსა ერონისსა სოფლისა განმანათლებელო შენ ცათა მობძავსა დედაქალაქისა ქუთაისისა ღმრთისმშობელო, ადიდე ორთავე შინა ცხოვრებასა მეფეთა მეფე გიორგი, ძე მათი ალექსანდრე, მე, ცვა ფარვათა თქვენთა მინდობილმან ქუთათელ მთავარეპისკოპოსმან ჩხეტიძემა ბასილი მოვაჭედინეთ ხატი ესე ყოვლად წმინდისა ღმრთისმშობლისა, პირველ მოჭედილი დაძველებულიყო და ჩუენ მეორედ განვაახლეთ. შეიწირე დედაო ღმრთისაო, მცირე ესე მსახურება ჩუენი და მეოხ გვექმენ მას დღესა განკითხვისა, ამინ, შეიქმნა ხატი ესე ხელითა რაფიელ მონაზონისათა ქრონიკონ“.

პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი ამჟამად ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

ტიხვინის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი

$
0
0

დღესასწაული – 9 ივლისი

ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი გადმოცემის მიხედვით თვით ლუკა მოციქულმა დაწერა და სახარებასა და მოციქულთა საქმეებთან ერთად ანტიოქიის ახლადმოქცეულ მმართველს – თეოფილეს გამოუგზავნა. მისი სიკვდილის შემდეგ ხატი რომში გადააბრძანეს, ხოლო V საუკუნეში ბერძენი მეფის თეოდოსი უმცროსის მეუღლემ ევდოკიამ – კონსტანტინეპოლში, სადაც მის სახელზე ააგეს ტაძარი, რომელსაც ვლაქერნისა ეწოდა. ტიხვინის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი აქ ის 539 წელი იმყოფებოდა. როცა ხატმებრძოლობა გამძვინვარდა, ხატი პანტოკრატორის სავანეში გადამალეს. ხოლო დევნის დამთავრების შემდეგ კვლავ ვლაქერნის ტაძარს დაუბრუნდა. დიდი მთავრის დიმიტრი ივანეს ძე დონელის და მიტროპოლიტ პიმენის დროს, 1363 წელს, ვლაქერნის ხატი, რომელზედაც ღვთისმშობელს ყრმა მარცხენა ხელით უპყრია, კონსტანტინეპოლიდან გაუჩინარდა. ეს იოანე პალეოლოგის მეფობისას, ცარგრადის დაცემამდე 70 წლით ადრე მოხდა. იგი ნოვგოროდის საზღვრებში გამოჩნდა. ამ გადმოცემას საფუძვლად შემდეგი ამბავი უდევს: იმ დროს, როცა ტიხვინში სასწაულთმოქმედი ხატი განდიდდა, ნოვგოროდელი ვაჭრები კონსტანტინეპოლში იმყოფებოდნენ და პატრიარქთან საუბრობდნენ. პატრიარქმა სასახვათაშორისოდ ჰკითხა მათ: „რუსეთში რაიმე ხომ არ გაგიგიათ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის შესახებ, რომელიც ცარგრადიდან უგზო-უკვლოდ დაიკარგა?“ ვაჭრებმა მას ტიხვინის ხატის შესახებ აცნობეს და პატრიარქმა, როცა მისი გამოჩინება ხატის გაუჩინარების დროს შეუთანხმა, გადაწყვიტა, რომ სწორედ ის ხატი უნდა ყოფილიყო. მისი სიტყვით, ხატი რამდენიმეგზის მიიმალა და შემდეგ ისევ თავის ადგილას გამოჩნდა და „ახლა ჩვენი ამპარტავნებისა და უსამართლობის გამო მან სამუდამოდ მიგვატოვა“. მან ვაჭრები ტაძარში შეიყვანა და ხატის ადგილი და ჩარჩო აჩვენა. რუსეთში დაბრუნებულმა ვაჭრებმა ამის შესახებ აცნობეს და მაშინ ტიხვინის ხატი კონსტანტინეპოლის მიბაძვით მარჯვენა მხარეს, პირველი სვეტის დასავლეთით მოათავსეს.

ძველ მატიანეში სასწაულთმოქმედი ხატის გამოჩინების ამბავი ასეა აღწერილი: 1383 წელს ღვთისმშობლის ხატი, რომელზედაც მას ყრმა-ღმერთი მარცხენა ხელით უპყრია, ლადოგის ტბის წყალზე სხივცისკროვანი ნათლით გამობრწყინდა. უხილავმა ძალამ ის წყლის ზემოთ გადმოატარა და ქ. ტიხვინთან, მდინარე ტიხვინის ნაპირზე შეჩერდა. თავისი მოგზაურობის ჟამს ის ხუთ ადგილას გამოუჩნდა მორწმუნეებს. ყველგან, სადაც ღვთისმშობელმა მისვლა ინება, ეკლესია დაარსდა. იმ ადგილას, სადაც ხატი საბოლოოდ გაჩერდა, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ხის ეკლესია აიგო. ეს ტაძარი ხანძარმა არაერთხელ აქცია ფერფლად, მაგრამ სასწაულთქმოქმედი ხატი უვნებელი გადარჩა. ბოლოს, 1510 წელს დიდი მთავრის ვასილი იოანის ძის გულმოდგინებით, ტიხვინის ხატისთვის ქვის ეკლესია ააგეს. ხოლო ხატის გამოჩინებიდან 177 წელის შემდეგ მეფე იოანე ვასილის ძემ მამათა მონასტერი დააარსა. ხატი უდიდეს სასწაულებს აღასრულებდა, უძლურნი განიკურნებოდნენ, ბრმებს თვალი ეხილებოდათ, შეპყრობილნი თავისუფლდებოდნენ (თვით ისინიც კი, ვინც შორეულ მხარეებში ზეციური მფარველის წმიდა ხატს მიმართავდნენ, უბედურებისა და განსაცდელისაგან ხსნას იღებდნენ).

1613 წელს, როცა შვედებმა დელაგარდის წინამძღოლობით ნოვგოროდი დაიპყრეს, ტიხვინის სავანემ ღვთისმშობლის მფარველობით ძლიერ თავდასხმას გაუძლო. განსაკუთრებით მიხეილ თეოდორეს ძის გამეფებისას, როდესაც მისმა აღსაყდრებამ შვედებს იმედი გაუცრუა. ამასთან, მათი რაზმები დამარცხდნენ მდინარე უსტაზე და თვით ტიხვინის სავანესთან. სავანიდან განდევნის გამო, შურისძიების მიზნით, წინამძღვარმა დელაგარდიმ თავისი ლეგიონები მონასტრისკენ მიმართა და მისი ძირფესვიანად განადგურება ბრძანა. შემოგარენის შეშინებული მოსახლეობა მონასტრისკენ გაეშურა და იქ ბერებთან და მეომრებთან ერთად შეაფარა თავი. ყველა ერთად გალავნის სიმტკიცეზე კი არა, ზეციური დედოფლის მეოხებაზე ამყარებდა იმედს.

შვედების ჯარებმა სავანე ალყაში მოაქციეს და ქრისტეს მხედართა თავშესაფარზე მძვინვარე თავდასხმებს არ წყვეტდნენ. ზოგი ბერი მეომრების გვერდით გალავანზე იდგა და იბრძოდა, სხვები ხალხთან ერთად ტაძარში შეგროვილიყვნენ და უფლისა და მისი ყოვლადწმინდა დედის ხატის წინაშე ლოცულობდნენ. ამ ალყის დროს ერთ ღვთისმოსავ ქალს მარიამს, რომელსაც სასწაულთმოქმედი ხატის მადლით მხედველობა დაუბრუნდა, ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და უთხრა: „აცნობე ყველას, ვინც სავანეშია, ხელში აიღონ ჩემი ხატი, გალავნის გასწვრივ შემოატარონ და თვით იხილონ წყალობა ღვთისა“. მაშინ ალყაშემორტყმულთა გულები სიხარულმა და სასოებამ აავსო. ღვთისმშობლის ხატით ხელში და პარაკლისის გალობით შემოიარეს მონასტრის გალავანი და მაშინ, როცა მართლმადიდებლები ერთადერთ შუამდგომელს შეწევნას სთხოვდნენ, შვედები მოულოდნელად ისეთმა შიშმა მოიცვა, რომ ყოველგვარი განდევნის გარეშე გაიქცნენ სავანის მისადგომებიდან.

მაგრამ მტრის სიძულვილი არ განელებულა. მალე ისინი უფრო დიდი ძალებით კვლავ გამოჩნდნენ და გარემოერტყნენ მონასტერს. მართლმადიდებლებს ერთი ძალა და ერთი იმედი ჰქონდათ: ყველა ღვთისმშობლის ხატს შეუვრდა და ევედრებოდა, რომ წყალობა მოეღო. მონასტერში ამ დროს სოლოვეცკის მონასტრის მორჩილი ღვთისმოსავი მარტინიანე იმყოფებოდა. ღამეულ ხილვაში მას დედა ღვთისა გამოეცხადა – ვარლაამ ხუტინსკისა და ზოსიმე სოლოვეცკისთან ერთად და უთხრა, რომ ეს სავანე დაღუპვის პირას მისი სიწმინდის შემბილწველი ცოდვების გამოა მისული. მარტინიანემ, რომელიც ღვთისმოსავი და წმინდა ადამიანი იყო, შეძრულმა გამოიღვიძა და თავისი ხილვა სავანეში ყველას აცნობა. შეუნანებელი ბოროტმოქმედები მონასტრიდან გააძევეს, ეკლესიის კარიბჭე განიწმინდა და ყველა ცრემლებით ევედრებოდა უფალსა და მის ყოვლადწმინდა დედას, რომ თავისი ერი მტრის ხელში არ ჩაეგდო. ზეციურ შუამდგომლობაზე დამყარებული იმედით ალყაშემორტყმულები მტერს თავს დაესხნენ და ღვთისმშობლის შეწევნით გამარჯვება მოიპოვეს.

მაგრამ შვედებს არ სურდათ, ბედს შერიგებოდნენ. დამარცხების სამაგიეროდ გაძლიერებული რაზმებით სავანეს კიდევ უფრო მჭიდროთ შემოერტყნენ და კარიბჭისა და გალავნის ქვეშ საიდუმლო თხრილების გაყვანა დაიწყეს. 13 სექტემბერს მარტინიანესა და კიდევ ერთი ღვთისმოსავი ადამიანის გრიგოლის წინაშე ღვთისმშობლის გამოცხადებით უფალმა მტრები საშინელი სასწაულით განაცვიფრა. მათ დაინახეს, რომ მოსკოვის მხრიდან სავანისკენ შეიარაღებული მეომრების მრავალრიცხოვანი ლეგიონების ჯვრებით მოემართებოდნენ და მეტად შეშინდნენ. მაგრამ მიწისქვეშა თხრილების იმედმა ისინი დააყოვნა. ალყაშემორტყმულები ზეციური შეწევნის იმედით გაძლიერდნენ და სასწაულთმოქმედი ხატის წინაშე პარაკლისი აღასრულეს. კვლავ დაესხნენ თავს მტერს, რომელიც ისე შეშინდა, რომ სასწრაფოდ გაიქცა. არეულ-დარეულობის გამო ერთმანეთს თელავდნენ. ტყვე შვედები მერე ამბობდნენ, რომ მათ დაინახეს აურაცხელი მხედრობა, რომელიც მონასტრიდან მათზე გამოდიოდა. ეს დიდებული გამარჯვება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა მართლმადიდებლებს ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღეს, 1614 წლის 14 სექტემბერს მიანიჭა.

ტიხვინის სავანეზე გაბოროტებულმა შვედმა მხედართმთავარმა უწინდელზე გაცილებით მრავალრიცხოვანი ჯარი გაგზავნა და დაავალა, რომ ის საძირკვლამდე დაერღვია. სასწაულთმოქმედი ხატი ნაწილ-ნაწილ დაექუცმაცებინა და მისი ეკლესია დაექცია. როცა ეს მონასტერში შეიტყვეს, შეშინდნენ და ხატის მოსკოვში გახიზვნაც კი სურდათ, მაგრამ ის ურყევად იდგა და ადგილიდან დაძვრა დიდი ძალისხმევითაც კი ვერ შეძლეს. მაშინ ერთი მუჭა დამცველთა გუნდი სავანეში ჩაიკეტა და მთელი იმედი ზეციური მეოხის ყოვლისშემძლე დახმარებაზე დაამყარა. მსწრაფლშემწემ არ დაუშვა, რომ მტერი მათ მიწვდენოდა. ის ახალი სასწაულით განაცვიფრა. შვედებს მოეჩვენათ, რომ ურიცხვი მხედრობა დაესხათ თავსა, საოცრად შეშინდნენ; რადგან იმედი არ ჰქონდათ, რომ ასეთ ძალას წინ აღუდგებოდნენ, გაქცევა არჩიეს.

მხედრობა წინამძღოლებთან ერთად და მთელი ხალხი ადიდებდა დედა ღვთისას – მისი უხილავი და ყოვლადძლიერი შეწევნის გამო. ამის შემდეგ წმიდა სავანეზე თავდასხმა მტერს აღარ გაუბედავს.

ასეთი სასწაულებრივი გამარჯვების შემდეგ მონასტერში მეფის ელჩები ჩამოვიდნენ, რათა შვედებთან მშვიდობა დაემყარებინათ. მათ ხატის ასლი გადაიღეს და მდინარე სიასის გასწვრივ 55 ათასი ვერსის გავლის შემდეგ ლადოგთან ახლოს, სოფელ სტოლბოვოში მივიდნენ. აქვე იმყოფებოდნენ შვედებიც.

1617 წლის 17 თებერვალს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის, როგორც რუსეთის მხრიდან მთავარი თავდების წინაშე დაიდო სტოლბოვოს ზავი, აქედან ელჩები ამავე ხატით გაემგზავრნენ ნოვგოროდისკენ, ის შვიდწლიანი ტყვეობის შემდეგ კვლავ რუსეთის ხელში გადავიდა. სამადლობელი ცრემლით შეხვდნენ ზეციურ დედოფალს, რომელმაც მტრისგან მარტო სავანე კი არა, მთელ თავის სიწმინდეებთან ერთად ნოვგოროდიც გაათავისუფლა და აქ მართლმადიდებელი მეფის ხელისუფლება განამტკიცა.

ტიხვინის ხატის მეშვეობით ღვთისმშობლის მიერ სასწაულებრივი ხსნის მოსახსენებლად ეკლესიამ 26 ივნისი დაადგინა, რომელიც მთელ რუსეთში იდღესასწაულება. უძველესი დროიდან 26 დეკემბერს ტიხვინის მონასტრიდან „ხატებითა და სადღესასწაულო სიწმინდეებით მოსკოვისაკენ“ მიემართებოდნენ. ეს ტრადიცია 1678 წლამდე გრძელდებოდა, ამჟამად წელიწადში 24-ჯერ სასწაულთმოქმედ ხატთან ერთად მთელ მიმდებარე მხარეებში ლიტანია აღესრულება.

ტაძარს, სადაც ხატია დაბრძანებული, არასოდეს მოკლებია თაყვანისმცემლები. თუ ეკლესია დაკეტილია, მლოცველები გარეთ დგანან და ფართე ფანჯრიდან, საიდანაც ღვთისმშობლის სახე მოჩანს, მისდამი მხურვალე ლოცვას აღავლენენ.

უძველესი დროიდან წმიდა ხატის თაყვანისსაცემად მლოცველები ყოველი მხრიდან მოდიოდნენ და მოჰქონდათ შესაწირი, როგორც მნიშვნელოვანი, ასევე-მცირე, იმპერატრიცა ანნა იოანეს ასულმა ხატის შესამკობად მეტად დიდი და შესანიშნავად მოჩუქურთმებელი ზურმუხტი შესწირა წარწერით;,,დედოფალო, მონათა შენთა ლოცვა შეიწირე”.

სასწაულთმოქმედი ხატის თაყვანისსაცემად მონასტერში იმყოფებოდნენ: 1747 წელს – იმპერატრიცა ელისაბედ პეტრეს ასული, 1798 წელს – იმპერატორი პავლე პეტრეს ძე, რომელმაც შობის ეკლესიიდან დღევანდელ სამყოფელში ხატი თვითონ გადააბრძანა, 1809 წელს- დიდი მთავრინა ეკატერინე პავლეს ასული მეუღლესთან ერთად და მას შესანიშნავი ბრაზილიული ტოპაზი და ძვირფასი ბრილიანტები მიუძღვნეს. ხატს იმპერატრიცა მარიამ თეოდორეს ასულისგან გამოგზავნილი ბრილიანტები და 80 კარატიანი საფირონი ჩამოუტანეს. მთელი ძვირფასეულობა ოქროს ძვირფას პერანგთან ერთად 60000 რუსულ რუბლად იყო შეფასებული. ხატის წინაშე 1803 წელს გრაფ შერემეტიევის მიერ შეწირული 12000 რუსული რუბლის ღირებულების კანდელი ანთია.

განდიდებული სასწაულთმოქმედი ხატი ,,ვითარცა უბრწყინვალესი მზე ანათებს ყოველივეს”. წმიდა სავანე მთელი რუსეთის სახელით ლოცულობს, რათა ,,იხსნას ქვეყნიერება, კეთილმორწმუნე იმპერატორი ჩვენი და მთელი საქრისტიანო”.

ტიხვინის ხატის მრავალი ასლი სასწაულთმოქმედებით განდიდდა,მათ შორის: ახალი ტიხვინის -დედათა მონასტერში, მოსკოვის მიძინების საკათედრო ტაძარში, ალექსეევის მონასტერში, ტვერის დედათა მონასტერში, ოსტაშოვსკის დედათა მონასტერში, პერეიასლავის დანილოვის მონასტერში, ნოვგოროდში -წითელ მოედანზე – 1643 წლიდან, ქ.ცივილისში,-საკათედრო ტაძარში.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


პეტრიწონის ღმრთისმშობლის საკვირველთმოქმედი ქართული ხატი

$
0
0

2006 წლის 26 აგვისტოს ბულგარეთში ქართველების მიერ XI საუკუნეში დაარსებული პეტრიწონის (ბაჩკოვოს) მონასტრიდან მთავარეპისკოპოსმა გერასიმემ (შარაშენიძე) და მთავარეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (მეთოდიევსევსტიანოვი) თანმხლებ სასულიერო და საერო პირებთან ერთად ჩამოაბრძანეს ამ მონასტერში დაცული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ქართული ხატის ასლი. ქართველთა ამ უდიდეს სიწმინდეს, სამწუხაროდ, თანამედროვე საქართველოში ნაკლებად იცნობენ. ხატის ასლის დაწერა და საქართველოში ჩამობრძანება საქართველოს საელჩოსა და იქაური ქართული დიასპორის სურვილით და შემწეობით გადაწყდა. თხოვნით მიმართეს ბულგარეთის პატრიარქს, მაქსიმეს, რომლის ლოცვა-კურთხევითაც დამზადდა ზუსტი ასლი პეტრიწონის მონასტერში არსებული ქართული ხატისა. ამიერიდან საქართველოში დავანებულ სხვა სიწმინდეებთან ერთად ეს ხატიც დაიფარავს ჩვენს ქვეყანას.

1083-1086 წლებში ტაოელმა ძმებმა, გრიგოლ და აბაზ ბაკურიანისძეებმა ააშენეს მონასტერი ქართველთათვის, რომელსაც პეტრიწონის მონასტერი ეწოდა. თავად გრიგოლი ბრძანდებოდა დიდი მაგისტროსი, ჰქონდა ვრცელი მიწები, მამულები, მისი სურვილი იყო, ქართველი ბერ-მონაზვნებისთვის აეშენებინა ერთი დიდი სავანე, სადაც მხოლოდ ქართველ ბერებს უნდა ემსახურათ. თავის მიერ დაარსებულ მონასტერს თავადვე დაუდგინა საგანგებო ტიპიკონი, მასზე ხელი მოაწერინა იერუსალიმის პატრიარქს, იუბენალს, რომელამაც დაამტკიცა, რომ ეს მონასტერი აგებული იყო ქართველებისათვის, აქ მხოლოდ და მხოლოდ ქართველები იმსახურებდნენ და ბერძენი ბერი ამ მონასტერში შეიძლებოდა მხოლოდ ერთი ყოფილიყო, ისიც მარტოდენ იმისათვის, რომ ბიზანტიასთან მიწერ-მოწერა ჰქონოდათ. ტიპიკონშიც კი ჩაწერილია ამის შესახებ: ბერძნები შურიანები არიან, გამრავლდებიან და შემდეგში ქართველებს აქედან გაგვყრიანო.

პეტრიწონის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სავანის ყველაზე დიდი სიწმიდეა ღმრთისმშობლის საკვირველთმოქმედი ხატი. მონასტერში დაცული გადმოცემით, ეს ხატი ლუკა მახარებლის მიერ არის დაწერილი და იგი საქართველოდან ჩამოაბრძანეს. ხატის დღესასწაულს აღნიშნავენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს.

ღვთისმშობლის ხატი 1311 წელს ტაოელმა ძმებმა, ათანასემ და ოქროპირმა შეწირეს პეტრიწონის მონასტერს. ხატს დღემდე უდიდეს პატივს მიაგებენ ბულგარეთში. იგი აქ ისევე გამორჩეულია, როგორც ათონზე ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. გრიგოლ ბაკურიანის ძმა – აბაზი ვერ მოესწრო მშენებლობის დასრულებას. იგი მონასტრის საძვალეშია დაკრძალული. თავად გრიგოლი ომში დაიღუპა და როგორც გადმოცემების მიხედვით ცნობილია ჩვენთვის, მისი საძვალის ადგილსამყოფელი არავინ იცის. ძველი მონასტრიდან მხოლოდ და მხოლოდ საძვალეა შემორჩენილი, ის პირველი ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი დაინგრა და მოგვიანებით მის ადგილზე ახალი აიგო.

ღმრთისმშობლის ხატი სასწაულებრივად გადარჩა დამანგრეველი ხანძრის შემდეგ, როდესაც მთელი სამონასტრო სიწმინდენი და განძეულობა განადგურდა. იგი გადაურჩა დამპყრობლის ხელსაც – მონასტრიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე სამხრეთ აღმოსავლეთით, ერთ თვალწარმტაც ქვაბურში, წმიდა წყაროსთან შემორჩენილია პატარა ბერული სენაკი „კლუბიისა“ („კლუბიატა“); აქ იფარავდა თავს დამპყრობთა თვალთაგან მონასტრის ყველაზე დიდი სიწმინდე.

მღვდელმონაზონი კლიმენტი რილელი გადმოგვცემს: თურქთა შემოსევის დროს (1363-1393) ბერებმა ხატი გახიზნეს და დამალეს პეტრიწონის მახლობლად მდებარე ერთ კლდოვან ადგილას, რომელსაც „კლუბია“ ჰქვია. XVII საუკუნის დასაწყისში, როდესაც დაიწყეს მონასტრის აღდგენა, ერთმა მწყემსმა კლუბიის გამოქვაბულში გადამალული ხატი აღმოაჩინა. 1604 წლის აღდგომა დღეს ღმრთისმშობლის ქართული ხატი დიდი საეკლესიო პროცესიით მონასტერში გადმოაბრძანეს და განახლებულ მთავარ ტაძარში იმ ადგილას დაასვენეს, სადაც დღემდე იმყოფება. ხატის აღმოჩენის ადგილზე ააშენეს ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელსაც ახლა მთავარანგელოზთა ტაძარს ეძახიან. ძველი ტრადიცია დღემდე შემონახულია. ყოველწლიურად, აღდგომის მეორე დღეს, ეწყობა ღმრთისმშობლის ხატით მსვლელობა: პეტრიწონის მონასტრის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძრიდან გამოაბრძანებენ ღმრთისმშობლის საკვირველთმოქმედ ხატს და მიასვენებენ კლუბიაში, წმ. მთავარანგელოზთა სამლოცველოში, სადაც ეწყობა სადღესასწაულო მსახურება. ამის შემდგომ ხატს კვლავ პეტრიწონის სავანეში მიაბრძანებენ.

სწორედ ამ მოვლენის ამსახველია ვრცელი პანორამა მონასტრის სატრაპეზოს გარეთა კედელზე, რომლის მარცხენა ქვემო ნაწილში გამოსახულია ბრწყინვალე ორშაბათს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკვირველთმოქმედ ხატთან ერთად კლუბიაში მიმავალი გრძელი პროცესია.

ოსმალთა ბატონობის პერიოდში არსებობდა ასეთი ტრადიცია: მღვდელმსახურების დამთავრების შემდეგ იღუმენი მხურვალე სიტყვით მიმართავდა მრევლს, თანამემამულეებს შეასხენებდა თავისი ფესვებით შორეულ წარსულში ძირგამდგარ მყარ ეროვნულ ფასეულობებს და ტრადიციებს; ამას მოჰყვებოდა დღესასწაულში მონაწილეთათვის მონასტრის მესვეურთა მიერ მოწყობილი სახალხო ტრაპეზი, რის შემდეგაც კლუბიაში გადასვენებული ხატი მსვლელობით უბრუნდებოდა მონასტერს. ქართული ხატისაგან გაკვალული გზით, ათეულ ათასობით მომლოცველის ერთმანეთისადმი თანადგომა ურჯულოთა უღელქვეშ მყოფი ბულგარელი ხალხისათვის რწმენისა და უკვდავების იმედის, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ტოლფასი იყო.

დღეისათვის დედაღმრთისმშობლის საკვირველთმოქმედი ხატი მთავარი ტაძრის ცენტრალურ ნაწილში, ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე არის დაბრძანებული. ორივე მხრიდან ხატი მოჭედილია მოოქროვილი ვერცხლით, სავარაუდოდ 1311 წელს. ხატის ძველი პერანგი ნაწილობრივ გადაფარულია ვერცხლისაგან გამოჭედილი აჟურული საპირეთი. მაზე ამოტვიფრულია თარიღი – 1819 წ. და სახელი – პეტკო ჰაჯი. ხატის ძველ პერანგზე ლამაზი ასომთავრული ასოებით შესრულებულია შემდეგი წარწერა, რომელიც, თუკი ქარაგმებს გავხსნით, ასე იკითხება:

„ქ. მოიჭედა წმიდაი ესე ხატი ყოვლად წმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობლისაი პეტრიწონს ორთა ხორციელად ძმათა მიერ ტაოელთა ეგნატის შვილთა მოძღურისა ათანასის და ოქროპირისა პერპერითა რკე (125) და წინაშე ხატისა საკანდლითა ვეცხლისაითა. საბერძნეთს მეფობასა კეთილად მსახურთა მეფეთა ანდრონიკე, მიხაელ და ანდრონიკესსა პალეოლოღოს ძეთასა, ხოლო ქართლს კონსტანტინესსა და დიმიტრისსა ბაგრატონიანთასა დასაბამითგანთა წელთა ბერძულად ხყით (6819), ხოლო ქარათულად ხშიე (6915). წმიდაო ღმრთისმშობელო, შეიწირე მცირე ესე ძღუენი მათი და შეუნდევ და მეოხ ეყავ მათ და მშობელთა მათთა დღესა მას დიდსა სასჯელისასა წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა. ამინ, ამინ იყავნ, ამინ. ქორონიკონსა ფლა (531), ინდიკტიონსა თ (9). ქრისტე ღმერთო, შეიწყალენ სულნი მათნი, კაცთმოყუარე, ამინ“.

ზემო აშიაზე, შარავანდედის მარჯვნივ და მარცხნივ, ხატს ბერძნული ასომთავრული ასოებით აწერია: „მიტერ თეუ ვლახერნიოტისა“, ე.ი. „დედა ღმრთისა ვლაქერნისა“. სიტყვა „ვლაქერნი“ ამ შემთხვევაში აღნიშნავს ხატის ტიპს და არა მის სადაურობას.

ქვემო აშიაზე ორი ბერძნული ქარაგმაა: „იისუს“ და „ხრისტოს“ – იესო ქრისტე.

ხატის წარწერა უაღრესად საყურადღებოა. უწინარეს ყოვლისა, 1311 წლით დათარიღებული ქართული წარწერა გვიდასტურებს, რომ XIV საუკუნეში პეტრიწონის მონასტერი ქართველთა განმგებლობაშია. ძმები ათანასი და ოქროპირი პეტრიწონში ბერად შემდგარი ტაოელი ქართველები არიან. ამათგან ათანასი მოძღვრად იწოდება. სიტყვა მოძღვარი მასწავლებელს ნიშნავს. უნდა ვიგულისხმოთ, რომ XIV საუკუნეში ჯერ კიდევ არსებობს პეტრიწონის სემინარია, რომელიც გრიგოლ ბაკურიანის-ძემ დაუწესა მონასტერს და რომ ათანასი ამ სემინარიის ერთ-ერთი მასწავლებელია.

რაც შეეხება ხატის პეტრიწონში მობრძანების თარიღს, მას გრიგოლ ბაკურიანის-ძის მოღვაწეობის პერიოდსაც უკავშირებენ და XIV საუკუნესაც. პირველის სასარგებლოდ იხსენებენ აპოკრიფულ გადმოცემებს, რომლის თანახმადაც იმ დროს, როდესაც გრიგოლ ბაკურიანის-ძე კარში მსახურობდა, ეს ხატი ერთხანს იქაურ ეკლესიაში ყოფილა დასვენებული. გარდა ამისა, წესდება-ტიპიკონში გრიგოლ ბაკურიანის-ძე მონასტერს მისი უდიდესი სიწმინდის მიხედვით მოიხსენიებს: „…მონასტრისა ჩემისა ქართველთა ღმრთისმშობელისა პეტრიწონისადა“. მეორე ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს თვით ხატის ქართულად დამამშვენებელთა – ძმების, ათანასის და ოქროპირის მოღვაწეობის ხანა.

მაგრამ მთავარი ის გახლავთ, რომ ხატს დაუმკვიდრდა პეტრიწონის ქართველთა ღმრთისმშობლის ხატის სახელი და იგი საუკუნეებში განდიდდა საკვირველთქმომედებებით. ხატთან დღემდე მიდიან მთელი ბულგარეთიდან მომლოცველები დახმარებისა და შემწეობის სათხოვნელად, სულიერი თუ ფიზიკური სიმრთელის მოსანიჭებლად. ხატის მიერ აღსრულებულ სასწაულებს აღნუსხვადნენ მონასტრის საგანგებო წიგნში, რომელსაც „კონდიკა“ ეწოდება. 1999 წელს მონასტრის ბიბლიოთეკაში გაჩენილმა ხანძარმა იმსხვერპლა მრავალი ძვირფასი რელიქვია და მათ შორის ის წიგნიც, რომელშიც ღმრთისმშობლის ხატის სასწაულები იყო აღწერილი. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც თავისი რწმენის საპასუხოდ ყოვლადწმიდა ქალწულისაგან იღებენ შეწევნას, ცოცხალ მატიანეს წარმოადგენენ, დამადასტურებელს პეტრიწონის ღმრთისმშობლის ქართული ხატის საკვირველთმოქმედებისა.

წიგნიდან: „პეტრიწონის ქართველთა სავანე ბულგარეთში“, თბილისი, 2001 წ.

წყარო: http://www.orthodoxy.ge

ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისადმი „ღმრთისმოყვარე“

$
0
0

ტროპარი, ხმა 1

ღმრთისმოყუარეო დედაო, ქორწილსა გამოუცდელო ქალწულო, ღმრთისმშობელო მარიამ, ევედრე ჩუენთჳს შენგან შეყუარებულსა და შენგან შობილსა ძესა შენსა ქრისტჱსა ღმერთსა ჩუენსა, მოგვეც ჩუენ ძალა ცოდვათა ჩუენთა დატევებისათჳს, მოჰმადლე ქუეყანასა ამას ნაყოფიერებაჲ და მშვიდობაჲ, მღუდელთა სიწმიდე და ყოველსა ერსა ცხოვრებაჲ მოანიჭე, დაიცევ მამული ჩუენი გარე-მოდგომილებისაგან მტერისა და ძმათა მკვლელთა ომთაგან, ჰოჲ, ღმრთისმოყუარეო დედაო, ჰოჲ, ყოვლადსაგალობელო დედუფალო, დამიფარენ ჩუენ ყოვლისაგან ბოროტისა საფარველითა შენითა, ხილულთა და უხილავთა მტერთაგან დამიცვენ და იჴსნენ სულნი ჩუენნი.
ლოცვა

ჰოჲ, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღვთისმშობელო, ღვთისამოყუარეო დედაო, სასოო ჩუენისა ცხოვნებისაო! მოწყალებითა მოჰხედენ ყოველთა, რომელნი სარწმუნოებითა და სიყუარულითა შეუვრდებიან ხატსა შენსა. მიიხუენ სადიდებელნი გალობანი ჩუენნი და შესწირე მხურვალე ლოცვანი შენნი ჩუენ ცოდვილთათჳს წინაშე ღვთისა, რაჲთა უგულებელს-ყვნეს ცოდვანი ჩუენნი, მაცხოვნნეს და შემიწყალენ ჩუენ, ჰოჲ, ყოვლადსაკვირველო დედუფალო, მიჩუენენ მოწყალებანი შენნი, მიჴსენ ჩუენ ყოვლისაგან მწუხარებისა, ყოველნი სათნოებითნი და ქველისმოქმედებითნი საქმენი წარგვიმართენ, მიჴსენ განსაცდელთაგან, ჭირთა და სნეულებათა. განმაშორენ ყოველნი კრულებანი და შფოთნი, დამიფარენ ყოვლისა ელვაშემოსილისა ქუხილისა, ცეცხლისა, სიყმილისა, საფრჴისა, წარღუნისაგან და სიკვდილშემოსილისა წყლულებისა. მექმენ ჩუენ მოწყალებითა შენითა და შემწედ ყოველსა გზასა, ხმელთა ზედა და წყალთა შინა, რაჲთა არა დანთქმულ იქმნეს ერი ესე შენი. ჰოჲ, ყოვლადმოწყალეო, ღვთისამოყუარეო დედაო, სასოებითა დიდითა აღვავლენთ შენდა მომართ უბადრუკთა ამათ ლოცვათა ჩუენთა, ცრემლთა და სულთქმათა ჩუენთა ნუ უგულებელს-ჰყოფ, ნუმცა სადა დაგვიტევებ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩუენისათა, არამედ მარადის ეგე ჩუენ თანა და მომმადლენ ჩუენ სიხარული, ნუეგშინისცემაჲ, მფარველობაჲ და შეწევნაჲ, რაჲთა ვადიდებდეთ და ვაქებდეთ უფროსადკურთხეულსა და ყოვლადსაგალობელსა სახელსა შენსა, ამინ!

წმიდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სასწაულთმოქმედი ხატი სტავრონიკიტას მონასტრიდან

$
0
0

გადმოცემა წმიდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის ამ ხატის გამოცხადების შესახებ მჭიდროდ არის დაკავშირებული სტავრონიკიტას სავანის დაარსების ამბავთან.

იმ ადგილას, სადაც ამჟამად მონასტერია აღმართული, ძველთაგანვე იდგა წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელზე აშენებული მცირე სავანე. არაბების მიერ განძარცვული და გავერანებული მონასტერი დიდი ხნის მანძილზე მიტოვებული იყო კაცთაგან. ათონის მთაზე მცხოვრებმა, კონსტანტინეპოლის პატრიარქმა, უწმიდესმა იერემია პირველმა, გადაწყვიტა ამ ადგილზე ახალი სავანის დაარსება ისევ უფლის წინამორბედისა და ნათლისმცემლის იოანეს პატივსაცემად და ამ მიზნით აქ ჩამოვიდა.

ჭეშმარიტად „იდუმალნი არიან გზანი უფლისანი…“ ისე მოხდა, რომ პატრიარქ იერემიას იქ ყოფნის დროს მის თვალწინ მეთევზეებმა ბადე ისროლეს თევზის დასაჭერად. როცა ბადე ამოსწიეს, ნახეს, რომ იქ თევზის ნაცვლად ქრისტეს წმიდა მღვდელმთავარის ნიკოლოზის მოზაიკური ხატი იყო. გაოცებულებმა ისიც შეამჩნიეს, რომ წმიდანის სახეზე, მარცხენა ლოყაზე თვალის გუგასთან, სადაფის ნიჟარა შეზრდილიყო. მეთევზეებმა ღვთის დიდი სათნომყოფელის ხატი ბადიდან გადმოასვენეს და შეეცადნენ მოეცილებინათ ნიჟარა.

„და მოხდა სასწაული, ნიჟარა რომ მოაცილეს, ჭრილობიდან სისხლი გადმოედინა. ჭრილობის კვალი ხატს დღესაც მკაფიოდ ემჩნევა.

საკვირველთმოქმედი ხატის გამოცხადებაში პატრიარქმა იერემიამ განსაკუთრებული ნიშანი შეიცნო და მის მიერ აქ აშენებული სტავრონიკიტას სავანე წმიდა ნიკოლოზის სახელზე აკურთხა.

მონასტერი 1553 წელს აშენდა. წმიდა ნიკოლოზის ხატი ტაძარში მარცხენა მხარეს არის მოთავსებული და ცნობილია სტრიდისის სახელით (სტრიდისი ბერძნულად ხამანწკას ნიშნავს).

რაც შეეხება ხატზე შეზრდილ ნიჟარას, მან ღირსეული გამოყენება ჰპოვა. მისი ერთი ნაწილისაგან პატრიარქმა დაამზადებინა ლამბაქი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სეფისკვერისათვის (ამ ლამბაქს პანაღიარი ჰქვია), ხოლო მეორე ნაწილისაგან – პანაღია. ეს პანაღია დღეს მოსკოვში, საპატრიარქო მუზეუმში ინახება სხვა ისტორიულ ნივთებთან ერთად. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იერემია მეორემ რუსეთის პირველი პატრიარქი იობი სწორედ მისით აკურთხა.

წიგნიდან: „წმიდა ნიკოლოზის პარაკლისი, დაუჯდომელი,
სადიდებელ-სავედრებელი გალობანი“, თბილისი, 2003 წ.

დეისუსი (ვედრება) –ღვთისმშობლის ხატი

$
0
0

განუზომლად დიდია და მიუწვდომელი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატების მნიშვნელობა ქრისტიანულ იკონოგრაფიაში, ვინაიდან მისით უფლის ძე განკაცდა, განხორციელდა. იგი სისხლხორცეულად ადამიანის მოდგმას ეკუთვნოდა, მაგრამ გამორჩეულ იქნა ღვთისმოსაობის, განსაკუთრებული სიწმინდის სრულყოფილების გამო და გახდა ჭურჭელი უფლის ნების განსახორციელებლად. იგი ერთადერთია ადამიანთა შორის, რომელიც უკვდავებაში გადავიდა და რომელმაც საუკუნოს სასუფეველი თვით უფლის გვერდით დაიმკვიდრა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იესო ქრისტესთან ერთად ადამიანთა ბედის გამგებელი შეიქმნა. მისი ხატები იკონოგრაფიული ტიპების სიმრავლით და განსაკუთრებული პატივმიგებით გამოირჩევა.

ღვთისმშობლის პირველი გამოსახულების შექმნა ლუკა მახარებლის სახელს უკავშირდება, რომელმაც ოთხი ხატი შექმნა: „ელეუსა“, „ოდიგიტრია“, „დეისუსი“, „გლიკოფილუსა“.

„დეისუსი“ (ვედრების ტიპის ღვთისმშობელი). ხატი იესო ქრისტეს გარეშე, როცა ღვთისმშობელს ხელები გაწვდილი აქვს და ევედრება მაცხოვარს, ადამიანთა შეცოდების, შენდობისა და მათი სულების ხსნისთვის.

გლიკოფილუსა (მოწყალე) –ღვთისმშობლის ხატი

$
0
0

ღვთისმშობლის პირველი გამოსახულების შექმნა ლუკა მახარებლის სახელს უკავშირდება, რომელმაც ოთხი ხატი შექმნა: „ელეუსა“, „ოდიგიტრია“, „დეისუსი“, „გლიკოფილუსა“.

„გლიკოფილუსა“ (მოწყალე) ხატი – ყრმა იესოს ღვთისმშობლის კისერზე ხელი აქვს შემოხვეული. ეს გამოსახულება მსხვერპლის იდეის მატარებელია, სადაც ხაზგასმულია წინასწარი განცდა ტანჯვისა და ჯვარზე გაკვრისა.

ეკლესია აკურთხებს რა ღვთისმშობლის ხატებს, ამით გამოხატავს დამოკიდებულებას არა მარტო ორიგინალისადმი, არამედ მათი გამეორებისადმიც, ასლებისადმი, რომლებიც შემდგომში იქმნებოდა.

Viewing all 131 articles
Browse latest View live